English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘ ამირან ბერძენიშვილიკახა ქეცბაია
სოციოლოგიის საგნის შესახებ აკად. პაატა გუგუშვილის მიერ დასავლური სოციოლოგიის კრიტიკული ანალიზი

PDF ვერსიის სანახავად დააჭირეთ ბმულს

 

სტატიაში განხილულია საკითხი სოციოლოგიის საგნისა და მეცნიერული სტატუსის შესახებ აკად. პ. გუგუშვილის მიერ დასავლური სოციოლოგიის დეფინიციის კრიტიკული ანალიზის მიხედვით. ხაზგასმულია, რომ სოციოლოგიის საგნის პრობლემა, მუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა და სიმრავლისა, დღემდე გადაუჭრელია. შესაბამისად, საყურადღებოა სახელოვანი ქართველი მეცნიერისა და საქართველოში სოციოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პ. გუგუშვილის მოსაზრებები ამ კონკრეტული საკითხის შესახებ. სოციოლოგიის საგნის დასავლურ დეფინიციებში ძირითადად აქცენტი კეთდება ზოგადად სოციოლოგიის მიერ საზოგადოების შესწავლაზე და არა უშუალოდ სოციოლოგიის საგანზე. თქმა იმისა, რომ სოციოლოგია მეცნიერულად შეისწავლის საზოგადოებას, სოციალურ ჯგუფებს და ურთიერთობებს, გამოხატავს მხოლოდ ჩვენს შემეცნებით-მეცნიერულ მიმართებას შესასწავლი ობიექტისადმი და არა სოციოლოგიის, როგორც მეცნიერების კონკრეტულ საგანს. აკად. პ. გუგუშვილის მიხედვით, სოციოლოგიის დეფინიცია ამ მეცნიერების კონკრეტულ სგანს უნდა მოიცავდეს, სხვა შემთხვევაში სოციოლოგია, როგორც მეცნიერება შეუძლებელი იქნება. ამ გაგებით, აკად. პ. გუგუშვილის მიერ სოციოლოგიის საგნის დეფინიცია მეცნიერული თვალსაზრისით მოწოდების სიმაღლეზეა და დღემდე ანგარიშგასაწევია.

სტატია, ლოგიკურ-სოციოლოგიური ანალიზის მეთოდის გამოყენებით, საკითხის თეორიულ-სოციოლოგიურ კვლევას წარმოადგენს, რომელიც საკვლევი თეორიული პრობლემის შესახებ არსებულ პირველად (პ. გუგუშვილის ნაშრომს – „თანამედროვე ბურჟუაზიული სოციოლოგია“) და რიგ მეორად წყაროებს ემყარება.

საკვანძო სიტყვები: პ. გუგუშვილი, სოციოლოგია, სოციოლოგიის საგანი, დასავლური სოციოლოგია, სოციოლოგია როგორც მეცნიერება, საზოგადოებათმეტყველება.  

  JEL Codes: A13, A14, Z13.




შესავალი

      არსებობს მოსაზრება, რომ სოციოლოგიის შესახებ არსებული დიდძალი ლიტერატურის მიუხედავად, ამ მეცნიერებას დღემდე არ გააჩნია არც ზუსტად განსაზღვრული საგანი, არც საყოველთაოდ აღიარებული მეცნიერული სტატუსი. დღევანდელი მოცემულობა ასეთია: თითქოს გვაქვს სოციოლოგია, როგორც გარკვეული მეცნიერება და მასთან ერთად თითქმის იმდენივე ცალკეული „სოციოლოგია“, რამდენი სოციოლოგი არსებობს (Бердзенишвили, Кецбаиа, 2019). ამ ვითარების შესახებ ჯერ კიდევ სოციოლოგიის ფუძემდებლები ო. კონტი, ჰ. სპენესერი, მ. ვებერი, ე. დიურკემი, ფ. თიონისი, გ. ზიმელი (Конт, 2003; Спенсер, 1897; Вебер, 1990; დიურკემი, 2001; Тённис, 2002; Зиммель, 1909)  მიანიშნებდნენ. ბუნებრივია, ამის შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ მდგომარეობა სოციოლოგიის საგნთან დაკავშირებით დიდად არ შეცვლილა. „საკითხი სოციოლოგიის საგნის შესახებ დღემდე გადაუწყვეტელია“ და კვლავ პრობლემად რჩება (Осипов,  Москвичев, 2015). სოციოლოგიის დეფინიცია და მისი მეცნიერული სტატუსის შესახებ საკითხი (არის თუ არა იგი მეცნიერება?), პირველ რიგში, მისი საგნის დადგენას საჭიროებს, რაც საქართველოში სოციოლოგიის ერთ-ერთ ფუძემდებელს, ცნობილ მეცნიერს აკად. პ. გუგუშვილს მხედველობიდან არ გამორჩენია. საკითხი, მისი თეორიული ხასიათის და  სოციოლოგიის დღევანდელი მგომარეობისა და პოპულარობის მიუხედავად, კვლავაც პრობლემად რჩება და ამდენად, მეტად საინტერესოა საერთოდ მეცნიერებისადმი მტრულად განწყობილ პოსტმოდერნულ ეპოქაში.    

 

კვლევის მეთოდები და წყაროები

 

     სტატია ლოგიკურ-სოციოლოგიური ანალიზის მეთოდის გამოყენებით საკითხის თეორიულ-სოციოლოგიურ კვლევას წარმოადგენს, რომელიც საკვლევი თეორიული პრობლემის შესახებ არსებულ პირველად (პ. გუგუშვილის ნაშრომს „თანამედროვე ბურჟუაზიული სოციოლოგია“) და რიგ მეორად წყაროებს ემყარება.

    

პ. გუგუშვილის მიერ დასავლური სოციოლოგიის კრიტიკული რეცეფცია

 

     საქართველოში სოციოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი (აღსანიშნავია, რომ საქართველოში სოციოლოგიის ფუძემდებლები მრავლად არ არიან) აკად. პ. გუგუშვილი სოციოლოგიის საგნის პრობლემას საგანგებოდ განიხილავს თავის წიგნში „თანამედროვე ბურჟუაზიული სოციოლოგია“ (იხ. ამ წიგნის მეორე თავი „სოციოლოგიის საგნისათვის“, პ. გუგუშვილი, 1966). მართებულია აკად. პ. გუგუშვილის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სოციოლოგიის საგნის პრობლემა ო. კონტიდან მოყოლებული დღემდე აქტუალურია და სახეზეა მისი მთელი რიგი ურთიერთსაწინააღმდეგო განსაზღვრებები. ჩნდება კითხვა: რა არის ყოველივე ამის მიზეზი? აკად. პ. გუგუშვილის აზრით, აღნიშნულ კითხვაზე პასუხი სოციოლოგიის სინთეზურობაშია საძებნი. კერძოდ, დასავლური სოციოლოგიის წარმომადგენლებს სოციოლოგია სინთეზურ მეცნიერებად წარმოუდგენიათ (შარლ ლიმუზენი, 1897;  ფრანც ოპენჰაიმერი, 1922). ამ შემთხვევაში სოციოლოგია აერთიანებს საზოგადოების შესახებ არსებულ სოციალურ და ჰუმანიტარულ ცოდნას და უნივერსალობის მაღალი ხარისხით ხასიათდება. აკად. პ. გუგუშვლის მართებული შენიშვნით, უნივერსალურობისა და სინთეზურობის პირობებში სოციოლოგიის საგნის კონკრეტიზება რთულდება. ასეთ ვითარებაში, სოციოლოგიას, როგორც მეცნიერებას არასახარბიელო პირობები ექმნებოდა, რადგანაც კონკრეტული საგნის გარეშე დარჩენილს სოციალურ-ეკონომიკური მეცნიერებათა სისტემატიზატორის როლი უნდა შეესრულებინა. სოციოლოგია „საზოგადოებათმეტყველების ენციკლოპედიად გადაიქცა“ (გუგუშვილი, 1966) (აღსანიშნავია, რომ ტერმინი „საზოგადოებათმეტყველება“ სოციოლოგიის სფეროში ქართულ ენაზე არსებულ ნაშრომებში მხოლოდ ვ. ნოზაძესთან და პ. გუგუშვილთან გვხვდება). გარდა ამისა საკუთარი საგნის დადგენის გზაზე სოციოლოგიას სხვა საფრთხეც ემუქრებოდა, კერძოდ, „ემპირიზმით გატაცება“ (ზეემპირიზმი). ეს ტენდენციები კიდევ უფრო ნათლად XX საუკუნის მეორე ნახევრის ამერიკულ სოციოლოგიაში გამოიკვეთა პარსონსის სპეკულატური სოციოლოგიისა და პოლ ლაზარსფელდის ზეემპირიზმის სახით. აკად. პ. გუგუშვილის მიხედვით, „ემპირიზმით გატაცებამ“ სოციოლოგია თეორიულ-მეცნიერულ პლანში „უშინაარსო“ და „არამიმზიდველი“, სქემატური გახადა. ამ პრობლემის მოგვარებას, ერთი მხრივ, აკადემიურ მეცნიერულ სტილში რ. მერტონი (1949) „საშუალო დონის თეორიების“ შემოღებით და, მეორე მხრივ, არააკდემიური სტილის მიმდევარი ჩ.რ. მილსი „სოციოლოგიური წარმოსახვის“ ცნების დამკვიდრებით შეეცდებიან (Миллс, 1998). ამდენად აუცილებელი ხდება სოციოლოგიის საგნის შესახებ ამერიკული სოციოლოგიის ზემოხსენებული წარმომადგენლების ნააზრევის განხილვა, რასაც  აკად. პ. გუგუშვილი მაღალ მეცნიერულ დონეზე ახორციელებს. სოციოლოგიის საგნის განსაზღვრების ზემოაღნიშნული სირთულეებიდან გამომდინარე, აკად. პ. გუგუშვილის აზრით, აუცილებელი ხდება, რომ სოციოლოგია „ზოგად და კონკრეტულ დისციპლინებად დაიშალოს“, რომლებიც საოციალური ყოფიერების მრავალგვარ გამოვლინებებს (ემპირიული ფაქტები, ქცევები, საყოველთაო და ყოველდღიური პრობლემები და სხვ.) შეისწავლიან, მათ შესახებ პროგნოზირებას მოახდენენ და ამასთანავე სოციოლოგიას, როგორც მეცნიერებას შედარებით უნივერსალური სოციალურ კანონზომიერებათა დადგენის საშუალებაც ეძლევა (გუგუშვილი, 1966). კლასიკური გაგებით, თუ სოციოლოგია მეცნიერებას წარმოადგენს, მაშინ მას სოციალურ მოვლენათა „მიზეზობრივი კავშირების გამოვლენა და ახსნა“ მოეთხოვება, რაც პ. გუგუშვილის მიხედვით, დასავლური სოციოლოგიის წარმომადგენლებს ხშირად ავიწყდებათ. გარდა ამისა, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ თანამედროვე სოციოლოგია „სავსებით გამოეყო ფილოსოფიას და ჩამოყალიბდა როგორც მთლიანად დამოუკიდებელი მეცნიერება, რომელსაც აქვს თავისი საგანი და ამოცანები“, - წერს აკად. პ. გუგუშვილი (გუგუშვილი. 1966). ფილოსოფიასთან, უფრო სწორად, მეტაფიზიკურ აზროვნებასთან ჭიდილში სოციოლოგიის წარამტება კი უთუოდ პრაგმატული დროის ნიშნად უნდა მივიჩნიოთ. 

         დასავლურ სოციოლოგიაში სოციოლოგიის საგნის შესახებ არსებული მოსაზრებებისა და კონცეფციების კლასიფიკაცია და მათი კრიტიკული რეცეფცია არც ისე მარტივი საქმეა. აღსანიშნავია, რომ ამ ამოცანას წარამტებით ართმევს თავს აკად. პ. გუგუშვილი. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია იმჟამინდელი სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტი. კერძოდ, სოციოლოგია „ბურჟუაზიულ“ მეცნიერებად არის მიჩნეული და მის შესახებ მხოლოდ სიძულვილის ენით თუ შეიძლება წერა და საუბარი, რასაც დაკვირვებული მკითხველი აკად. პ. გუგუშვილის სოციოლოგიურ თხზულებებსა და ნააზრევში ვერსად ვერ  ნახავს. უფრო მეტიც, იგი როგორც საქართველოში ამ მეცნიერების ფუძემდებელი და პოპულარიზატორი რიგი მწვავე სოციალური პრობლემების (მაგ. ოჯახი და ქორწინება და სხვ.) მეცნიერული გადაწყვეტის საქმეში. სოციოლოგიის როლს დადებითად აფასებს და სოციოლოგიის იმდროინდელ კორიფეებთან შესანიშნავი ურთიერთობები აქვს (ცნობილია, რომ აკად. პ. გუგუშვილი წლების განმავლობაში სოციოლოგთა მსოფლიო კონგრესის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი იყო და სოციოლოგიის არაერთ კორიფეს პირადად იცნობდა. ცნობილი ამერიკელი სოციოლოგი ჩარლზ რაით მილსი 1960 წლის აპრილის ბოლოს თბილისში იმყოფებოდა, რა დროსაც აკად. პ. გუგუშვილს სოციოლოგიის აქტუალურ პრობლემებზე ესაუბრა. ამ საუბარს ჩ.რ. მილსი 1960 წელს დაწერილ თავის „წერილებში“ იხსენებს, როგორც მეგობრების შეხვედრას. საინტერესო ფაქტია, რომ რადიკალური სოციოლოგიური თეორიის ფუძემდებელმა აკად.  პ. გუგუშვილის სახით საბჭოთა კავშირში მეგობარი იპოვა).  

          სოციოლოგიის საგნის შესახებ აზრთა სხვადაოსხვაობაა ჰარვარდის სკოლის სოციოლოგიაში. აკად. პ. გუგუშვილი ამ საკითხს საგანგებოდ განიხილავს. ჰარვარდის სოციოლოგიური სკოლის ფუძემდებელს პ. სოროკინს (2019) მიაჩნია, რომ „სოციოლოგია თეორიულ და პრაქტიკულ - ნაწილებად იყოფა. თავის მხრივ, თეორიული სოციოლოგია, მის მიხედვით, სამ ნაწილად იყოფა: სოციალური ანალიტიკა, სოციალური მექანიკა და სოციალური გენეტიკა. სოციალური ანალიტიკა სოციალური მოვლენის აგებულებას (სტრუქტურას) და მის ძირითად ფორმებს შეისწავლის. სოციალური მექანიკა (ანუ სოციალური ფიზიოლოგია) ადამიანთა ურთიერთქმედების პროცესს ანუ ადამიანთა ქცევასა და მის განმაპირობებელ ფაქტორებს შეისწავლის ხოლო სოციალური გენეტიკა სოციალური ცხოვრების განვითარებას, მის ცალკეულ მხარეებსა და ინსტიტუტებს სწავლობს. იმდენად, რამდენადაც სოციალური მოვლენის განვითარება მისი სტრუქტურითა და სხვა მოვლენებთან ურთიერთქმედების გარეშე წარმოუდგენელია, სოციალური გენეტიკა თავის თავში სოციალურ ანალიტიკას და სოციალურ მექანიკას აერთიანებს. პრაქტიკული სოციოლოგია სოროკინს გამოყენებითი დისციპლინის სახით აქვს წარმოდგენილი. იგი თეორიული სოციოლოგიის კანონების საფუძველზე ადამიანსა და საზოგადოებას სოციალური ძალების მართვაში ეხმარება. ამ აზრით, პრაქტიკული სოციოლოგია სოციალური პოლიტიკის სახით გვევლინება. სოროკინის ნეოპოზიტივისტური სოციოლოგიის საგანს სოციალური ქცევა და ადამიანთა ურთიერთქმედება წარმოადგენს, რომელსაც იგი ჯგუფისა და საზოგადოების სოციალური სტრუქტურის დონეზე შეისწავლის“  (ბერძენიშვილი, ქეცბაია, 2019). 

        დასავლელ სოციოლოგთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ სოციოლოგიის საგანია საზოგადოება, სოციალური ჯგუფი (ლ. რობინსონი, ვ. ქრისტოფი) (გუგუშვილი. 1966). მეორე ნაწილის აზრით, სოციოლოგიის საგანია ადამიანთა „ყოფაქცევა გარკვეულ კოლექტიურ სიტუაციაში“ (ლ. ბერნარდი, გუგუშვილი პ. 1966). სოციოლოგიის სხვა წარმომადგენლები კი სოციოლოგიის საგნად „სოციალურ ურთიერთობებს“ (ინტერაქციონისტული ნაკადის წარმომადგენლები), „სოციალურ მოვლენებს“, „სოციალურ ფაქტებს“ (ფუნქციონალისტები), პოლიტიკურ პროცსებს და ლიდერებს (პოლიტიკური სოციოლოგიის წარმომადგენლები) მიიჩნევენ. აქ ჩანს, რომ სოციოლოგიის საგანად ისეთი მოცემულობებია დასახელებული, რომლებსაც შეიძლება სხვა მეცნიერებებიც სწავლობდნენ. ამ შემთხვევაში აკად. პ. გუგუშვილის აზრით, სოციოლოგიის საგნის დაზუსტების საჭიროება ჩნდება და, შესაბამისად, დასავლური სოციოლოგია თავის საგნად „ადამიანის მოქმედების ზოგადი ხასიათის კანონების შესწავლას“ მიიჩნევს (გუგუშვილი, 1966). აქედან ირკვევა, რომ სოციოლოგიის საგნის ერთი ყველასათვის მისაღები გაგება არ არსებობს. ამ შემთხვევაში მართებულია აკად. პ. გუგუშვილის შენიშვნა, რომელიც ამერიკულ სოციოლოგიაზე დაკვირვების შედეგია და რომლის მიხდვით, „სოციოლოგიის რვა გავრცელებულ სახელმძღვანელოში არ არღმოჩნდა თითქმის არც ერთი ცნება, რომელიც ერთნაირად ესმოდეს ყველა ავტორს; ყველა მთავარ ცნებათა 55 პროცენტი აღმოჩნდა სავსებით „ინდივიდუალური“ (გუგუშვილი, 1966). სოციოლოგიის საგნის შესახებ არსებული პლურალიზმს ემატება სოციოლოგიის კორიფეთა ნააზრევი. მაგ. ტ. პარსონსი (1937) მიიჩნევს, რომ სოციოლოგიის საგანი სოციალური მოქმედებაა, რომელიც აკად. პ. გუგუშვილის მიხედვით,  გაგებულია როგორც სოციალურ-ფსიქოლოგიური მოვლენა, რომელიც წარმოდგენილია სტიმულის, მიზნის, საშუალებისა და ვითარების სახით, ხოლო რაც შეეხება რ. მერტონს, მასთან სოციოლოგიის საგანის ფორმალური ფუნქციონალური გაგებაა მოცემული, რომელიც „სოციალური სტრუქტურის“ ცნების იქით არ მიდის.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                             

     ცნობილ ბრიტანელ სოციოლოგ ტ. მარშალს (1950) მიაჩნია რომ სოციოლოგიის საგანია ჯგუფთაშორისი ურთიერთობების ბუნების შესწავლა, რა შემთხვევაში სოციოლოგიის საგანი სტრატიფიკაცია და სოციალური უთანსწორობის პრობლემები ხდება. ყოველეივე ამას მართლაც შეისწავლის სოციოლოგია, მაგრამ მისი საგანი, აკად. პ. გუგუშვილის მიხედვით, ამ ყველაფერზე არ დაიყვანება (გუგუშვილი. 1966). 

        აკად. პ. გუგუშვილის აზრით, სოციოლოგიის საგნის მრავალფეროვნებას, სხვა ყველაფერთან ერთად, საზოგადოებრივ ყოფასა და ცხოვრებაში სოციალური კონტრასტების ზრდა განაპირობებს, რასაც საბოლოოდ მიკროსოციოლოგიასთან, კერძოდ ჯ. მორენოს სოციომეტრიასთან მივყავართ (გუგუშვილი, 1966). თუმცა ფაქტია, რომ სოციალური წარმონაქმნების მიკროსტრუქტურა სოციალური რეალობის ერთი მხარეა მხოლოდ და ამ შემთხვევაში სოციოლოგიის საგნის შესახებ საკითხი კვლავ ღიად რჩება. 

         მეორე მსოფლიო ომის შემდგომმა სოციალურმა, კულტურულმა და პოლიტიკურმა მეინსტრიმმა (ეგოიზმი, პრაგმატიზმი და სხვ.) სოციოლოგიის საგნიდან „საზოგადოებრივი განვითარების კანონების“ ამოღება გამოიწვია და სოციოლოგიის საგნის სიტუაციური გაგება შექმნა, რომლის მიხედვით, ადამიანთა ქცევა და მოქმედება პირადი წარმატებით განისაზღვრება და, შესაბამისად, სოციოლოგიის საგანი ცალკეული პიროვნება და მისი ინტერესები გახდა. ამ საკითხის ანალიზისას (სტრიქონებს შორის) შესამჩნევია პატარა ქვეყნის დიდი მამაულიშვილის - პ. გუგუშვილის გულისტკივილი, კერძოდ, იმ ფაქტის კონსტატაცია, რომ ამიერიდან ადამიანის ქცევას არ განსაზღვრავს „სამშლობლოს სამსახურისათვის ზრუნვა“ და იგი  ცვალებად სოციალურ ყოფას უნდა შეეგუოს.  

       დიდი წინააღმდეგობებით არის აღსავსე სოციოლოგიის საგნად ისტორიის გამოცხადება, რაც აკად. პ. გუგუშვილის მიხედვით, გამართლებული არ არის, რადაგანაც ისტორიული ფაქტები მასალებია სოციოლოგიური ანალიზისათვის (გუგუშვილი, 1966). 

        საინტერესოა აკად. პ. გუგუშვილის ნააზრევი სოციოლოგიისა და ეკონომიკური მეცნიერების ურთიერთმიმართების შესახებ, რადაგანაც ადვილი შესააძლებელი იყო, რომ საკითხის ანალიზის პროცესში ეკონომიკური მეცნიერების ქართველ კორიფეს დიდი სიმპათია არ გამოეჩინა  სოციოლოგიის მიმართ, მაგრამ არა! ამ შემთხვევაში მისი პოზიცია მეცნიერულად გამართულია, რადაგანაც მიაჩნია, რომ ეკონომიკური მეცნიერება სოციოლოგიას ეხმარება სოციოლოგიურ პრობლემათა ახსნაში (გუგუშვილი პ. 50). ამით აკად. პ. გუგუშვილი გზას უღობავს ე.წ. ეკონომიზმს სოციოლოგიაში და სოციოლოგიზმს ეკონომიკურ მეცნიერებაში და რეალისტურ პოზიციას იკავებს, რომელსაც საფუძვლად ზომიერების პრინციპი უდევს. 

         სოციოლოგიის საგნის დადგენისას აკად. პ. გუგუშვილს დაუშვებლად მიაჩნია სოციოლოგიის საგნად მხოლოდ „საზოგადოებრივი აზრის“ გამოცხადება (ეს ტენდენცია თნამედროვე სოციოლოგიაშიც შეიმჩნევა) და სოციოლოგიის მასთან გაიგივება. „საზოგადოებრივი აზრი - ესაა იდეების ყოველი სისტემა თავის მოყვასთან ადამიანის ურთიერთობათა შესახებ... სოციოლოგია, კი როგორც მეცნიერება ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულების შესახებ, ცდილობს მონახოს სხვადასხვა სახის სოციალურ ფაქტებს შორის დეტერმინირებულ ურთიერთობათა არსებობის სისტემური დადასტურება... სოციოლოგია წარმოადგენს ჩამოყალიბებულ მეცნიერებას“ (გუგუშვილი, 1966). ამ შემთხვევაშიც აკად. პ. გუგუშვილის პოზიცია მართებულია. სოციოლოგია უფრო მეტია, ვიდრე მისი ცალკე აღებული ერთი კონკრეტული საგანი. ამასთან, სოციოლოგიამ მეცნიერების სტატუსი არ უნდა დაკარგოს.

       ცნობილია, რომ მეცნიერება კანონზომიერებას ადგენს და სწავლობს, რაც სოციოლოგიის დეფინიციაში პირდაპირ თუ არა ირიბად მაინც ასახული უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, ჩვენ ხელიდან გაგვეცლება სოციოლოგია, როგორც მეცნიერება. ამიტომ სასურველი იქნებოდა სოციოლოგიის დეფინიციებში ამ ფაქტის დაფიქსირება. კერძოდ იმის თქმა, რომ სხვა მეცნიერებებისაგან განსხვავებით სოციოლოგია იკვლევს საზოგადოების, სოციალური ჯგუფების, სოციალური წარმონაქმნების, თუნდაც პიროვნების და ა. შ. როგორც მთლიანი წარმონაქმენების არსებობის, ფუნქციონირების და ცვალებადობის კანონებსა და კანონზომიერბებს. ჩვენი აზრით, ასეთია აკად. პ. გუგუშვილის პოზიცია სოციოლოგიის საგნის შესახებ. ამ კონტექსტში იხილავს იგი თანამედროვე სოციოლოგიის არაერთ საკვანძო საკითხს.   

         სოციოლოგია ცდილობს ნეიტრალური იყოს მორალური თუ პოლიტიკური საკითხების მიმართ, მაგრამ ძალზე ძნელია მიუკერძოებლობის დაცვა ისეთი საზოგადოებრივი მოვლენებისადმი როგორიცაა უსამართლობა, უთანასწორობა, უუფლებობა და სხვ. მართალია, სოციოლოგს ძალუძს თავიდან აიცილოს სოციალური სინამდვილის პირადი ხედვა, გათავისუფლდეს ცრურწმენებისაგან რათა მეცნიერულად, ობიექტური დამაჯებელობით შესწავლოს საკუთარი და სხვა ადამიანების ცხოვრების განმაპირობებლი ფაქტორები, სოციალური ურთიერთქმედების ხასიათი საზოგადოებაში და საზოგადოებათა შორის და სხვ. მაგრამ ამით ბოლომდე ხომ არ იხსნება სოციოლოგიის წინაშე მდგარი სიძნელეები, რომლებიც საერთოდ არ არსებობს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისათვის. კერძოდ, როცა დამიანებმა იციან, რომ სოციოლოგები საგულდაგულოდ სწავლობენ მათ მოქმედებებს, ხშირად ისე არ იქცევიან, როგორც ჩვეულებრივ მდგომარეობაში მოიქცეოდნენ. ამრიგად, ადამიანურ არსებათა შესწავლა შეუძლებელია აბსულუტურად იმავე წესით, როოგრიტაც ბუნების ობიექტებს ვსწავლობთ, რის გამოც მიღებული ცოდნაალბათური ხდება. ამ შემთხვევაში აუცილებაილია იმის აღნიშვნა, რომ სოციოლოგიის საკვანძო პრობლემების სათანადო რეცეფციით საქართველოში სოციოლოგიის ფუძემდებელი სწორ პოზიციაზე იდგა. 

       სოციოლოგიის საგნისა და სპეციფიურობის არაორდინალურობაზე მიანიშნებს აკად. პ. გუგუშვილის ამერიკელი მეგობარი ჩ. რ. მილსი, როდესაც სოციოლოგიურ წარმოსახვაზე აპელირებს, რაც დღეს სოციოლოგიაში მოდაშია. თუმცა სოციოლოგიური წარმოსახვა მთლიანად როდია დაცლილი კანონზომირების ძიებისა და მეცნიერული ახსნისაგან, თუნდაც ის მეცნიერული ხედვად, მიდგომად იყოს ან არ იყოს მიჩნეული.

         ფაქტია, რომ მეცნიერებები ერთნაირი წარმატებით ვერ არკვევენ ბუნებისა და საზოგადოებრივი მოვლენებისა და პროცესების არსს, სოციალურ მეცნიერებათა წარმომადგენლებს ღირებულებათა წვდომის მრავალი დაბრკოლება ეღობება საზოგადოების ზუსტი შესწავლის გზაზე, მაგრამ ამ ფაქტიდან გამომდინარეობს სოციალური შემეცნების ფარდობითი ხასიათი და არა უგულვებელყოფითი დამოკიდებულება საზოგადოებაში არსებული საყოველთაო მიზეზ-შედეგობრივი კავშირებისა და სოციალური აუცილებლობების მიმართ, რასაც აკად. პ. გუგუშვილის აზრით,  დასავლური სოციოლოგია ნაკლებად ითვალისწინებს. 

        სოციალური კანონზომიერებების ნაცვლად საზოგადოებაში მოქმედ ტენდენციებზე ყურადღების გამახვილება დასავლელ სოციოლოგებს შესაძლოა იმიტომ ურჩევნიათ, რომ ერთგვარად თავი დაიზღვიონ სოციოლოგიურ მტკიცებულებათა დოგმატიზაციისა და კანონიზაცისაგან, რაც შეუთავსებელია აზროვნების თავისუფლების პრინციპთან და გამოცდილებით ვიცით, თუ რაოდენ საზიანოა იგი მეცნიერებისათვის.

        შეიძლება სხვა გარემოებებიც არსებობდეს, რომლებიც თანამედროვე სოციოლოგიის გამოჩენილ წარმომადგენლებს, როგორც ჩანს აიძულებს თავი შეკავონ საზოგადოების არსებობისა და ცვალებადობის კანონზომიერებაზე მსჯელობისაგან სოციოლოგიის საგნის განსაზღვრისა და მისი პრობლემატიკის თუნდაც სახელმძღვანელოს დონეზე გარკვევის დროს, რაც რა თქმა უნდა, სადავო პოზიციაა.          

         დაბოლოს უნდა ითქვას, რომ აკად. პ. გუგუშვილის ნაშრომში „თანამედროვე ბურჟუაზიული სოციოლოგიის შესახებ“ თანამედროვე სოციოლოგიის ისტორიისა და თეორიის შესწავლის საქმეში ფასდაუდებელია. აღსანიშნავია, რომ 1966 წელს გამოცემული წიგნი დღემდე დიდი ინტერესით იკითხება, რადგანაც მასში სოციოლოგიის კლასიკური პრობლემები და სოციოლოგიის კლასიკოსთა ნააზრევია წარმოდგენილი, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს.    

 

დასკვნა

 

სოციოლოგიის საგნის შესახებ აკად. პ. გუგუშვილის ნაშრომიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ სოციოლოგიის საგნისა და მისი მეცნიერული სტატუსის საკითხი, მართლაც, პრობლემად დარჩება მანამდე, ვიდრე არ შემოვსაზღვრავთ მისი კვლევის საგანს და არ ვცნობთ სპეციფიკურ კანონებს, რომლებსაც, სხვა სოციალური მეცნიერებებისაგნ განსხვავებით, სოციოლოგია შეისწავლის. სწორედ ამ სამეცნიერო პათოსს ატარებს  აკად. პ. გუგუშვილის ნაშრომი. ამ შემთხვევაში უნდა დავეთანხმოთ ჩ. რ. მილსს და არ ვიფიქროთ, რომ გახმოვანებული პრობლემები გადაუჭრელია. ამ პრობლემებთან ჭიდილი შესაძლებელია და, რაც მთავარია, ღირს. თუ ფხიზლად შევხედავთ ნივთებს, მაშინ ეს „ჭიდილი“, ისევე როგორც ამ პრობლემების გადაწყვეტაც, შეიძლება სოციოლოგიური საქმიანობის განუყრელ თვისებად და იმ მომენტადაც კი იქცეს, რომელშიც სოციოლოგია კი არ გაიხლართება, არამედ განვითარდება და რაციონალურ მოლოდინებს გაამართლებს.

 

ლიტერატურა:

 

  • ბერძენიშვილი ა., ქეცბაია კ. (2019) პიტირიმ სოროკინის ინტეგრალური სოციოლოგიის ძირითადი პრინციპები, წიგნში: პიტირიმ სოროკინი, სოციოლოგიის სახელმძღვანელო ყველასათვის, თბ., გამომცემლობა „უნივერსალი“. 

  • გუგუშვილი პ. (1966) თანამედროვე ბურჟუაზიული სოციოლოგიის შესახებ, თბ. გამომცემლობა „მეცნიერება“. 

  • Бердзенишвили А.C., Кецбаиа К.Н. (2019). О научном статусе социологии (Критическая рецепция дефиниции социологии данной Э. Гидденсом и Н. Смелзером), НАУЧНО-ТЕОРЕТИЧЕСКИЙ ЖУРНАЛ: Наука и Образование сегодня. # 1 (36), М, ИЗДАТЕЛЬСТВО «ПРОБЛЕМЫ НАУКИ».

  • Конт О. (2003) Дух позитивной философии. (Слово о положительном мышлении) / Перевод с французского И.  А. Шапиро. — Ростов н/Д: Феникс.

  • Спенсер Г. (1897) Основные начала. — СПб.: Издание Л. Ф. Пантелеева.

  • Вебер М. (1990) Избранные произведения / Пер. с нем.; сост., общ. ред. и послесл. Ю. Н. Давыдова; предисл. П. П. Гайденко; коммент. А. Ф. Филиппова. — М. ИЗД.  Прогресс.

  • დიურკემი ე. (2001) სოციოლოგიის მეთოდის წესები. 
    თბ. გამომცემლობა „იოანე პეტრიწი“.

  • Фердинанд Тённис (2002) Общность и общество. Основные понятия чистой социологии - Gemeinschaft und Gesellschaft. Grundbegriffe der reinen Soziologie. — М. Фонд Университет, СПб.: Владимир Даль.

  • Зиммель Г. (1909)Социальная дифференциация : Социологические и психологические исследования.  Москва, 1909. 

  • Социология. Основы обшей теорий,  (2015). Отв. ред. Г.В. Осипов, Л.Н. Москвичев. - 2-e изд. М. Юридическое издательство Норма

  • Limousio Ch. (1897), Socionomique, Paris.

  • Oppenheimer F. (1922), Sistem der Soziologie, Jena, Verlag von Gustav Ficsher.

  • Merton R. (1949), Social Theory and Social Structure, Columbia University.

  • Миллс Чарльз Райт (1998) „Социологическое воображение“ М.: изд. Стратегия.

  • სოროკინი პ. (2019), სოციოლოგიის სახელმძღვანელო ყველასათვის, თბ., გამ. „უნივერსალი“ (თარგმნა კ. ქეცბაიამ).

  • Parsons T. (1937), The Structure of Social Action, New York.

  • Marshal T. (1950), Citizenship en Social class, Gambridge.                               

 

References:

 

  • Berdzenishvili A.S. Ketsbaia K.N. (2019). O nauchnom statuse sotsiologii (Kriticheskaya retseptsiya definitsii sotsiologii dannoy E. Giddensom i N. Smelzerom). [On the Scientific Status of Sociology (Critical Reception of the Definition of Sociology Given by E. Giddens and N. Smelzer), Journal: Science and Education today. N1, (36), M, Publishing House „Problems of Sciense“]. in Russian. 

  • Berdzenishvili A., Ketsbaia K. (2019) pitirim sorokinis integraluri sotsiologiis dziritadi printsipebi.[Basic Principles of Integrity Sociology by Pitirim Sorokin, in the book: Pitirim Sorokin, Handbook of Sociology, Publishing Hose „Universal“]. in Georgian.

  • Comte O. (2003) Dukh pozitivnoy filosofii. (Slovo o polozhitel'nom myshlenii). [Spirit of Positive Philosophy. (A Word about Positive Thinking)  Translated from French by I. A. Shapiro. - Rostov n  a: Phoenix]. in Russian.

  • Durkheim E. (2001) sotsiologiis metodis tsesebi. [Rules of the Sociology Method, Tb. Ioane Petritsi Publishing House]. in Georgian.

  • Limousio Ch. (1897), Socionomique, Paris.

  • Simmel G. (1909) Sotsialnaya differentsiatsiya: Sotsiologicheskiye i psikhologicheskiye issledovaniya. [Social Differentiation: Sociological and Psychological Research. Moscow]. in Russian.

  • Gugushvili P. (1966) tanamedrove burzhuaziuli sotsiologiis shesakheb. [On Modern Bourgeois Sociology, Tb. Publishing House „Science".].  in Georgian.

  • Marshal T. (1950), Citizenship en Social class, Gambridge.

  • Merton R. (1949), Social Theory and Social Structure, Columbia University.

  • Mills C.W. (1998) Sotsiologicheskoye voobrazheniye. [Sociological Imagination, M .: Strategy]. in Russian.

  • Oppenheimer F. (1922), Sistem der Soziologie, Jena, Verlag von Gustav Ficsher

  • Parsons T. (1937), The Structure of Social Action, New York

  • Sorokin P. (2019), A Handbook of Sociology, in Georgian.

  • Sotsiologiya. Osnovy obshey teoriy (2015). [Sociology. Foundations of General Theories, (2015). Resp. ed. G.V. Osipov, L.N. Moskvichev. - 2nd ed. M. Legal publishing house „Norm“]. in Russian.

  • Spencer G. (1897) Osnovnyye nachala. [Basic principles. - SPb .: Edition of L.F. Panteleev]. in Russian.

  • Tönnis F. (2002) Obshchnost i obshchestvo. Osnovnyye ponyatiya chistoy sotsiologii [Community and Society. Basic Concepts of Pure Sociology, - Gemeinschaft und Gesellschaft. Moscow]. in Russian .

  • Weber M. (1990) Izbrannyye proizvedeniya. [Selected Works, M .: Progress]. in Russian.